რუსეთი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს, ის საავადმყოფოშია

NYT

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი სპიკერი კირა იარმიში ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ ნავალნი მოწამლეს. იარმიშის თქმით, საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". - თქვა მან, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ის შეუძლოდ თვითმფრინავში ყოფნის დროს გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ომსკის საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ ნავალნი მიიღეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები