რუსეთი-საქართველო

ლავროვი: იმედია, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას და იმედოვნებს, რომ ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

"გვსურს, იმედი გვქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ველით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას სხვა მიმართულებებითაც". - თქვა მან გაზეთ Труд-თან ინტერვიუში.

ლავროვი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მალე განახლდება აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებები.

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს თავისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც სხვადასხვა სახელის მქონე ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით არაერთი ასწლეულის განმავლობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესშია უახლოეს დროში არსებული უთანხმოებების დაძლევა და ორმხრივი კავშირების სრულად აღდგენა. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტია ნორმალიზაცია, უკეთესია. რუსეთის მხრიდან არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ოპორტუნისტული მიზნებით ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, რაც აშკარად არათანმიმდევრულია". - თქვა მან.

პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა ივნისში გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ფრენების აკრძალვა 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

რუსეთის გარდა, საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებული აქვს ყველა ქვეყანასთან. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა ახალი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic ჯერჯერობით, კვირაში მხოლოდ ერთხელ დაფრინავს.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო ევროკავშირის "მწვანე სიაში" რუსეთი არ არის შესული.

კომენტარები