ავარია შატილის გზაზე

შატილის გზაზე მომხდარ ავარიაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

შატილის გზაზე მომხდარ ავარიაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 12 იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სოფელ ბისოს სიახლოვეს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.

შსს-ის განცხადებით, რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნის სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები