არჩევნები 2020

როგორ ეხმარება კრემლი "პატრიოტებს" და რა ინსტრუქციებს აძლევს მათ - დოსიეს გამოძიება

0 კომენტარი

წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიე

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა, პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი დოკუმენტი

სერგეი მიხეევი საკუთარ თავს უწოდებს დამოუკიდებელ პოლიტტექნოლოგს, რომელიც მახლობელი საზღვარგარეთის ქვეყნებზე სპეციალიზდება. 2010 წელს მიხეევმა დააფუძნა კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი დამკვეთიც რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოა. 

ამასთანავე, წინა წლებში მიხეევი კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. 2014 წელს ლიტვის ინიციატივით მიხეევი ევროკავშირის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. 

სერგეი მიხეევი

ცენტრის მიერ მომზადებულ მასალაში ლაპარაკია კონსულტაციებზე, რომლებსაც პატრიოტთა ალიანსის წევრები მიხეევისგან იღებენ და, ასევე, თარხან-მოურავის ოჯახზე, რომელიც, ცენტრის ინფორმაციით, უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. ცენტრის ცნობით, 2014 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ბრალდებით დავით თარხან- მოურავის ძმის, გოგას წინააღმდეგ, რომელიც ასევე მოსკოვში ცხოვრობს. 

ცენტრისთვის ცნობილი არ არის, რა წარმომავლობისაა მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარი, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიას მართავს მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS. ცენტრი, ასევე, ასაჯაროებს პატრიოტთა ალიანსის მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული, კამპანიის ღირებულება ჯამურად 8 მილიონ დოლარს აღემატება. 

პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო ხარჯების ანგარიშგება

პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო ხარჯების ანგარიშგება

რაც შეეხება კომპანია POLITSECRETS-ს, მისი დამფუძნებელია პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვერა ბლაშენკოვა. იგი, ასევე, თანაავტორია წიგნისა, "როგორ ვმართოთ ქალები". კომპანიის საიტზე ჩამოთვლილია რამდენიმე წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია, რომლებსაც ბლაშენკოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მართავდა. 

კომპანია "POLITSECRETS"-ის ხელმძღვანელი, ვერა ბლაშენკოვა

ვერა ბლაშენკოვას მიერ "პატრიოტებისთვის" გაგზავნილ ინსტრუქციებში ახსნილია, თუ როგორ უნდა გააღვივოს პარტიამ საპროტესტო განწყობები და მიიმხროს „გადაუწყევეტელი“ ამომრჩეველი.

მოსკოველი პოლიტტექნოლოგი  ინსტრუქციებში წერს: "საპროტესტო განწყობების მხარდაჭერა ნიშნავს მის ზრდას, რაც ჩვენს ინტერესებშია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ლაპარაკი შესაძლო გაუარესებაზე მომავალში. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, ხელისუფლებაში კვლავ ქართული ოცნება მოვა, ან ძალაუფლებას ამერიკელებთან შეთქმულებით კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აიღებენ".

ბლაშენკოვას აქვე მოჰყავს იმ გზავნილების რამდენიმე სადემონსტრაციო მაგალითიც, რომლებიც "პატრიოტებმა" უნდა გაავრცელონ, მათ შორის: 

  • თუ ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მოვლენ, მოსკოვი ტურისტულ ნაკადს თურქეთისკენ მიმართავს. ამავდროულად მოსკოვი დააჩქარებს ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პროცესს;
  • აშშ-სგან მატერიალური მხარდაჭერის მისაღებად ისინი დათანხმდებიან ექსპერიმენტებზე არასრულწლოვანებთან, კერძოდ: ადრეულ სექსუალურ განათლებასა და ტოლერანტული დამოკიდებულების გავრცელებაზე ლგბტ თემის მიმართ. ბლაშენკოვა აქვე წერს: "როგორც ვხვდებით, პატრიოტთა ალიანსი ამ მესიჯს უკვე ისედაც ავრცელებს".

ამავდროულად ინტრუქციებში ლაპარაკია წინასაარჩევნო სტრატეგიის სხვა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა შუღლისა და სიძულვილის გაღვივება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და გაცემულია რამდენიმე რჩევა, სხვა ოპოზიციური პარტიების გასაშავებლად. 

უნდა ითქვას, რომ POLITSECRETS-ის თანამშრომლები მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციებით არ შემოფარგლულან და პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ რამდენიმე კლიპიც დაუმზადეს. კლიპებში დამძაბავი მუსიკის ფონზე დანაშაულისა და უმუშევრობის სტატისტიკა გამოდის, რამაც, პიარსპეციალისტების აზრით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შთააგონოს, რომ „უბრალო ხალხზე“ მხოლოდ "პატრიოტები" ზრუნავენ.

ამასთანავე, ბლაშენკოვა ითხოვს პერსონალურიინფორმაციის გაგზავნას პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა შესახებ, რაც ამ ადამიანების ასაკს, პროფესიას, ფოტოს და სხვა სახის ინფორმაციასაც მოიცავს. "პატრიოტებმა" მოსკოვში 15 ადამიანის დოსიე გაგზავნეს, მათ შორის საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღავენლის, გურამ ნიკოლაიშვილის, პოლიციის გენერლის, ავთანდილ ენუქიძის და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიასი. 

კურატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

როგორც დოსიეს მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, ვერა ბლაშენკოვას თბილისში ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ვინმე ანანოსთან. ანანოსთან მიმოწერაში ბლაშენკოვა პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას საყვედურობს ნელი მუშაობის გამო. 

ანანოსთან მიმოწერას ბლაშენკოვა, თავის მხრივ, სერგეი მიხეევს უგზავნის, რომელიც ამ წერილს უკვე კურატორებს უგზავნის კრემლში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მახლობელი საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსს, ФСБ-ს რეზერვის პოლკოვნიკ ვალერი მაქსიმოვს. მიხეევისგან იგივე დოკუმენტები მიიღო, მაქსიმოვის მოადგილემ, ГРУ-ს ოფიცერმა, ვალერი ჩერნიშოვმა. 

ვალერი მაქსიმოვი და ვალერი ჩერნიშოვი

ეს დეპარტამენტი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 2005 წელს, დსთ-ს ქვეყნებში ე.წ. „ფერად რევოლუციებთან“ საბრძოლველად შეიქმნა. დეპარტამენტში საკვანძო თანამდებობები რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურების მიერ მომზადებული კადრებს უკავიათ. 

ცენტრმა მოიპოვა ჩერნიშოვისა და მაქსიმოვის რეზიუმეებიც, რომლებიც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დასაწყებად გაგზავნეს. მაქსიმოვის რეზიუმედან ირკვევა, რომ წინა წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებში შვედეთში, ფინეთში, ავღანეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. 

ვალერი ჩერნიშოვი საკუთარ რეზიუმეში წერს, რომ სტაჟირება კოსოვოში გაიარა, სხვადასხვა დროს მსახურობდა აფხაზეთსა და ტაჯიკეთში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე საგანს ასწავლიდა ГРУ-ს სასწავლებელში. 

ჩერნიშოვის და მაქსიმოვის უშუალო ხელმძღვანელი კი გახლავთ საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირების სამმართველოს უფროსი ვლადიმირ ჩერნოვი. თავის მხრივ, ჩერნოვი რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ვლადიმირ პუტინის ძველი მეგობრის, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვის წევრია. 

რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალი, ვლადიმერ ჩერნოვი

ამასთანავე, ჩერნოვი კრემლის მიერ დაფინანსებული ფონდის, "რუსკი მირ"-ის მმართველობის წევრია. ცენტრის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ კამპანიაში კრემლმა მის მიერ კონტროლირებადი რამდენიმე მედიასაშუალებაც ჩართო. მათ შორის "სპუტნიკ საქართველო", "Eurasia Daily" და ახალი ამბების სააგენტო "REGNUM".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები