არჩევნები 2020

"ოცნებას" სურს, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს

ტაბულა

ქართულ ოცნებას სურს, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების შესახებ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.  

ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღრვება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.  

საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას." – ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. 

"ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს. გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კიდევ უფრო მეტ ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და, ასევე, დაასრულებს ოპოზიციის იმ ნაწილის სპეკულაციებს. [...] ოპოზიციის ამ დესტრუქციულ ნაწილს სათანადო პასუხი გაეცემა ამ ცვლილებებითაც." – თქვა თალაკვაძემ. 

კომენტარები