არჩევნები 2020

ენმ-მა ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა

0 კომენტარი
ხატია დეკანოიძე ფოტო: ენმ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. 

"ენმ იმთავითვე მხარს უჭერდა ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი ერთიან კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში თბილისში. რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო, მას შემდე, რაც ის წარდგენილ იქნა, როგორც გაერთიანებული კანდიდატი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ბატონი ვაშაძის გარშემო შეცვალა მისი შანსები, დაამარცხოს ივანიშვილის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში." - თქვა სალომე სამადაშვილმა მთავართან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენება ოპოზიციის მიერ დადებული შეთანხმების დარღვევას, სამადაშვილი პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს და, მისივე სიტყვებით, ოპოზიციურ ერთიანობაში ბზარის გაჩენა გიორგი ვაშაძემ გადაწყვიტა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ბატონი ვაშაძის კანდიდატურაზე მოხდა შეთანხმება, ის წარმოადგენდა პოლიტკურ გაერთიანებას ძალა ერთობაშია და სწორედ აღნიშნული გაერთიანების სახელით დასახელდა. ამის შემდგომ, ბატონმა ვაშაძემ გადაწვიტა, პირველ რიგში, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი დაეყენებინა მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოზე, ქალბატონ ჩარკვიანს ვგულისხმობ, და, გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშია.  

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, თავად ბატონმა ვაშაძემ გადაწყვიტა, რომ ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთიანობაში, რომლის შენარჩუნების ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მასთან მიმართებაშიც." - ამბობს სამადაშვილი. 

სამადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება "ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე" მიიღეს - ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებისთვის. 

"სამწუხაროდ, როდესაც ბატონმა ვაშაძემ თავად გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა ოპოზიციური ერთიანობა, ძალა ერთობაშია, ამით მან დააზიანა საკუთარი შანსები, რომ დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი ისანში." - ამბობს სამადაშვილი.

გიორგი ვაშაძემ და პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა, გაერთიანება ძალა ერთობაშია 27 ივლისს დატოვეს და ახალი პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს. ენმ-ს ცნობით, განხეთქილება მათსა და გიორგი ვაშაძეს შორის იმან გამოიწვია, რომ მას ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება სურდა. 

გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატია

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები