ტურიზმი

გახარია: 95 ქვეყნის კომპანიებს საქართველოდან დისტანციურად სამუშაოდ ვეპატიჟებით

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ისინი 95 ქვეყნის გლობალურ კომპანიებს სთავაზობენ, რომ მათმა თანამშრომლებმა საქართველოდან დისტანციურად იმუშავონ.

გახარია ამბობს, რომ გლობალური პანდემიის დროს სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე, ამიტომ საქართველომ თავისი მიღწევები ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ტურისტული სექტორის შემოსავლად უნდა აქციოს.

პროექტს იმუშავე საქართველოდან ერქმევა და ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წამოწყებაა.

"ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას იმუშავე საქართველოდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ ვირუსის მართვაში რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის.

ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიების თანამშრომლებს ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები." – თქვა პრემიერმინისტრმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

გახარიას თქმით, ისინი ყველაფერს იზამენ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული თანამშრომლები საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად იყვნენ.

კომენტარები