ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ერიკ პუხაევი, გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ერიკ პუხაევი გადადგა. ინფორმაციას რესი ავრცელებს

"დღეს მოედანზე ვიყავი. მე ხალხს მოვუსმინე - ზოგი მთავრობის გადადგომის შესახებ სკანდირებდა. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. მე გავიაზრე და მივიჩნევ, რომ ეს სწორი იქნება." - ვკითხულობთ პუხაევის განცხადებაში. 

ეხო კავკაზას მიერ გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიბილოვმა ინალ ძაბიევის გარდაცვალების საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი. 

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია ინალ ძაბიევის გარდაცვალებას მოჰყა. ძაბიევი, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ცემისას მოკლეს. ოჯახი ამბობს, რომ მას აწამებდნენ. 

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანატოლი ბიბილოვის თქმით, "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდაცვალების მიზეზი გამოძიებული იყოს."

კომენტარები