იაპონია

იაპონიაში აბეს შემცვლელის ასარჩევად პარტიის არჩევნებს, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გამართავენ

PRI

მას შემდეგ, რაც შინძო აბემ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავისი გადადგომის შესახებ ოფიციალურად დააანონსა, იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში პარტიის პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

პარტიის ახალი პრეზიდენტი დიდი ალბათობით პრემიერმინისტრიც გახდება, რადგან პარტიას პარლამენტის ქვედა პალატაში ხმების უმრავლესობა აქვს. 

პრესკონფერენციაზე აბეს არ დაუსახელებია, თუ ვის ხილვას ისურვებდა თავისი საქმიანობის გამგრძელებლად. 

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, შიგერი იშიბამ და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვეს, რომ არჩვენებში მონაწილოებას აპირებენ. ადმინისტრაციის მთავარ მდივანს, იოშიჰიდე სუგას და თავდაცის მინისტრს, ტარო კონოს, პოტენციურ კანდიდატებად განიხილავენ. 

ვიცე პრემიერმინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ტარო ასომ, განაცხადა, რომ ის არ გეგმავს პრემიერმინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლას. 

აბეს თქმით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებზეა დამოკიდებული, დაგეგმონ პარტიის არჩევნები. მას სჯერა, რომ თავისი ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს თანამდებობაზე იყოს მანამდე, სანამ მის შემცვლელს აირჩევენ. 

წესით, პარტიამ ახალი ლიდერის არჩევნების დანიშვნა ერთი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს, თუმცა უეცარი გადადგომის შემთხვევაში საგანგებო ხმის მიცემა რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს. 

იაპონური მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღისა და ფორმატის შესახებ 3 სექტემბერს მიიღებენ.

კომენტარები