ჩინეთი

ჩინეთში ეთნიკურად მონღოლები სკოლებში სწავლის ჩინურ ენაზე გადასვლას აპროტესტებენ

Getty Images

ეთნიკურად მონღოლები ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, შიდა მონღოლეთში, სკოლებში პროგრამის ცვლილებას აპროტესტებენ. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში სამი ძირითადი საგნის, ისტორიის, პოლიტიკის, ენისა და ლიტერატურის სწავლება ეტაპობრივად მონღოლური ენიდან მანდარინ ჩინურზე გადავა.

ეთნიკურად მონღოლების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას თავიანთი კულტურული იდენტობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

შაბათ-კვირას შიდა მონღოლეთში მშობლებმა შვილებთან ერთად საპროტესტო აქციები გამართეს. აქციები პოლიციამ დაშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სკოლაში მისული მოსწავლეები საკლასო ოთახებში ჩაკეტეს და მშობლებს მათთან არ უშვებდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელდა ცვლილების საწინააღმდეგო პეტიციები. პარალელურად მოსახლეობას ცვლილებებთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვას უკრძალავენ სოცმედია საიტებზე. Twitter-ის მსგავს ჩინურ საიტზე, Weibo-ზე წაშალეს ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები.

ცვლილებების შესახებ სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი. მშობლების ნაწილი იმუქრება, რომ ბავშვებს სკოლაში აღარ გაუშვებს. ნაიმანის რაიონის სკოლაში განაცხადეს, რომ შემოდგომის სემესტრისთვის რეგისტრაცია 1000 მოსწავლიდან მხოლოდ 40-მა გაიარა, რომლებიდანაც ბევრმა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და სკოლაში მხოლოდ 10 მოსწავლე გამოცხადდა.

მასწავლებლების განცხადებით, მათ ოჯახებში ვიზიტით აგზავნიან, რათა მშობლები დაარწმუნონ, ბავშვები სკოლაში გაუშვან. თუმცა მშობლების უმეტესობა შიშობს, რომ მანდარინ ჩინურზე გადასვლა მათ მშობლიურ ენას მომავალში საფრთხეს შეუქმნის.

პარასკევს გამოქვეყნებული განაცხადების თანახმად, შიდა მონღოლეთის ადგილობრივმა მმართველობამ ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობებს ჯგუფებში ეროვნული ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობას.

ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მონღოლეთის დედაქალაქშიც.

კრიტიკოსების აზრით, ჩინეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციას. მიუხედავად ამისა, ეთნიკური უმცირესობების, განსაკუთრებით კი უიღურების მიმართ ჩინეთის მთავრობის ქმედებები არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი.

სასწავლო პროგრამის ცვლილებები ჰგავს 2017 წელს სინძიანში და 2018 წელს ტიბეტში გატარებულ ცვლილებებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ტიბეტური და უიღურული ენა მნიშვნელოვნად იზღუდება. ჩინეთის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციაზეა კონცენტრირებული, ხშირად ფასდება კულტურულ გენოციდად.

კომენტარები