კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა

Tom Wolf

ახალი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, 21 შემთხვევა ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 7 ახალი ინფიცირებული დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია, საიდანაც ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. დანარჩენ 5 ახალ ინფიცირებულთან მიმართებით კი კვლევა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ინფიცირების წყარო და კონტაქტები. 

ბათუმში ერთერთი უმსხვილესი საკონდიტრო მაღაზიის, დონას თანამშრომლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ცნობილი 1 სექტემბერს გახდა. მოგვიანებით ახალი კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ ერთ თანამშრომელს და ასევე, მეპატრონესაც დაუდასტურდა. ამ დროისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი დაკეტილია, თანამშრომლები კი კარანტინში არიან გადაყვანილები. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონაში იმყოფებოდა, NCDC-ის უფასო ტესტირებისთვის მიმართოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი კარავი ბათუმის ბულვარშია განთავსებული, ერთი კოლოდებთან, ხოლო მეორე ახალ ბულვარში, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ. მესამე ასეთი კარვის დადგმა ანბანის კოშკთან იგეგმება.

ამას გარდა უფასო დიაგნოსტირებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელების ცენტრებსაც მიმართონ, რომელიც უკვე 5 პოლიკლინიკაშია განთავსებული. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა. 

კომენტარები