აშშ-ჩინეთი

პენტაგონი: ჩინეთს ბირთვული არსენალის გაორმაგება სურს

0 კომენტარი
ფოტო: unian.info

პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთს საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალის მინიმუმ გაორმაგება სურს.

ანგარიშის მიხედვით, ოფიციალურმა პეკინმა უკვე გადადგა ნაბიჯები ფლოტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ახალი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად.

"მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ბირთვული ქობინების რაოდენობა - რომელიც ახლა, სავარაუდოდ, 200-ზე მეტია - გაორმაგდება, ვინაიდან ჩინეთი ბირთვული ძალების მოდერნიზაციაზე და გაფართოებაზე მუშაობს". – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ასევე ვარაუდობენ, რომ დაახლოებით მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთს ექნება 200-მდე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც აშშ-სათვის საფრთხის შექმნა შეეძლება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის რაოდენობით ჩამორჩება, უსწრებს მას სამხედრო მოდერნიზაციის ზოგიერთ სფეროში, მათ შორის გემთმშენებლობის, სახმელეთო ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების და ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების კუთხით. ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი ჰყავს, რომელშიც 350-მდე გემი და წყალქვეშა ნავი შედის. შედარებისთვის, აშშ-ს ფლოტში 293 ხომალდია. ისინი ასევე ფლობენ 1 250-ზე მეტ სახმელეთო ბალისტიკურ რაკეტას, რომელთა რადიუსი 500-დან 5 500 კილომეტრამდეა. 2019 წელს ჩინეთმა უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ყველა ქვეყანამ ერთად.

ოფიციალურად, 2019 წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 174 მილიარდი აშშ დოლარი იყო, თუმცა პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოტოვებულია მნიშვნელოვანი კატეგორიები, მათ შორის იარაღის სხვა ქვეყნებისგან შეძენა და ასევე სამხედრო კვლევების ხარჯები. მათი ჩათვლით, სავარაუდოდ, სამხედრო ხარჯები 200 მილიარდს აჭარბებს.

მიუხედავად ამისა, ამავე ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის არმიის დანაყოფების ნაწილი კვლავ მოძველებული, მაო ძედუნის მმართველობის დროინდელი იარაღით არის აღჭურვილი, რომელიც გამოუსადეგარია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთი სამხედრო ლოჯისტიკური ობიექტების გახსნას განიხილავს რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის მიანმარში, ტაილანდში, სინგაპურში, ინდონეზიაში, პაკისტანში, შრი ლანკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში, სეიშელის კუნძულებზე, ტანზანიაში, ანგოლაში და ტაჯიკეთში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს ჩინეთი შეუერთდეს ბირთვული იარაღის კონტროლზე შეთანხმებას, რომლის განახლებაზე მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. მათ მიაჩნიათ, რომ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც უნდა შედიოდეს და ბირთვულ არსენალსა და რაკეტებზე დაწესებული შეზღუდვები მათ შეიარაღებაზეც გავრცელდეს.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. აშშ-ს სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ჩართული იყოს ჩინეთიც. მათ ჩინეთი დისკუსიაში ჩასართველად არაერთხელ მიიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებებში ჩინეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები