არჩევნები 2020

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ISFED-ის ანგარიში

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6;  მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება. მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ პერიოდამდე განხორციელებულ აქტივობებზე „საარჩევნო კოდექსით“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა, ანგარიშში აღწერილი ფაქტები ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.

მათივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას, რომ  ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და მათი მოტივი არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა.

"ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია - ქართული ოცნება ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, რიგი საჯარო ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მიღებასა და კონკურენტ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზეა ორიენტირებული". – აცხადებს ორგანიზაცია. 

მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების არსებობა, თუმცა, მსგავსი პროგრამები ერთიანი, გააზრებული სოციალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

ასევე, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის  განცდას ქმნის.   

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად,  დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო,  ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტია „ლელოს“ აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტი. ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია ერთი პირი. 

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების ქართული მარშისა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კამპანიებში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება. პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით ISFED-მა ცესკოს განცხადებით მიმართა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

რეკომენდაციები:

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: 

  • ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მსგავსი ფაქტების პრევენცია;
  • სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა;
  • არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის;
  • საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების  წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან;
  • წინასაარჩევნო პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებების დაცვა ზეწოლა/მუქარისაგან და მსგავსი ფაქტების დროულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

რელიგიურ ორგანიზაციებს: 

  • სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

​ISFED-ის ​ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები