ალექსეი ნავალნის მოწამვლა

"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაგმეს

ალექსეი ნავალნი

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშაბათს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი დაგმეს. მინისტრების განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

"ჩვენ დიდი შვიდეულის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები უკიდურესი სიმკაცრით ვგმობთ ალექსეი ნავალნის დადასტურებულ მოწამვლას". – წერია განცხადებაში.

დიდ შვიდეულს ნავალნის მოწამვლის დეტალები გერმანიამ გააცნო.

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერ პირობებში არის მიუღებელი და ეწინააღმდეგება მსგავსი იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ნორმებს". – აღნიშნულია განცხადებაში.

დიდმა შვიდეულმა რუსეთს მოუწოდა, გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დაადგინოს პასუხისმგებელი პირები.

"ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე დაკვირვებას, თუ როგორ პასუხობს რუსეთი საერთაშორისო მოწოდებებს, ახსნას ბატონი ნავალნის ეს საშინელი მოწამვლა". – წერია განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. 

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნინოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

კომენტარები