კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: 18-დან 65 წლამდე პაციენტები, უსიმპტომობის შემთხვევაში, სასტუმროში იმკურნალებენ

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 18-დან 65 წლამდე პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები და სიმპტომები არ აქვთ, მკურნალობას სასტუმროში, კარანტინში გაივლიან.

"დღეიდან საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყებს ამოქმედებას სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმში საავადმყოფოდან პაციენტების გადაყვანა სასტუმროში. ჩვენ განვსაზღვრეთ პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები.  

18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და, ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გაივლიან სასტუმროების ქსელში". – თქვა ტიკარაძემ. 

ტიკარაძის ინფორმაციით, პაციენტების მისაღებად 3 სასტუმროა გამოყოფილი. 

"ამ ეტაპისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის 600 საწოლია გამოყოფილი და აქედან დატვირთვა არის მხოლოდ 65%, მაგრამ დატვირთვის შემთხვევაშიც, ამ ეტაპზე არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში. 

ბათუმში უკვე მოხდა პაციენტების გაფილტვრა და იქ არსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში. თბილისში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ პაციენტებს არ შეექმნათ რისკი სასტუმროში გადაყვანის შემთხვევაში და უკვე თბილისშიც დავიწყებთ ამ პროცედურას." - ამბობს ტიკარაძე.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

კომენტარები