ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ის თვითმფრინავში უნდა მომკვდარიყო - Die Zeit

Reuters

რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს "ნოვიჩოკის" ახალი, მოდიფიცირებული სახეობით. მათი გეგმის მიხედვით ნავალნი თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს გერმანული გამოცემა Die Zeit.

როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, თავდამსხმელების გეგმის მიხედვით, ნავალნი თვითმფრინავში უნდა მომკვდარიყო და იგი მხოლოდ "რამდენიმე იღბლიანი გარემოების" დამთხვევამ გადაარჩინა. პირველ რიგში, ლაპარაკია თვითმფრინავის პილოტზე, რომელმაც თვითმფრინავის დასმის გადაწყვეტილება მომენტალურად მიიღო და, ასევე, ექიმებზე, რომლებმაც ნავალნის საავადმყოფოში მიყვანისთანავე ატროპინი შეუყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ნივთიერების დამზადება და შენახვა, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს შეეძლოთ. ის ფაქტი, რომ ნავალნის რუსული სპეცსამსახურები მუდმივად უთვალთვალებდნენ, ასევე, გამორიცხავს სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობას.

"ეს კი გვიტოვებს ერთადერთ დამაჯერებელ ვარიანტს, რომ ნავალნის, როგორც არასასურველი პოლიტიკოსის მოშორების გადაწყვეტილება უშუალოდ კრემლმა მიიღო". - წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.

გამოცემის ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს წყლის ბოთლის ყელზე, რომლიდანაც სვამდა ნავალნი და, ასევე, მის ხელებზე. მათი ინფორმაციით, გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელს, შესაძლოა, საწამლავი ჩაის იმ ჭიქის ზედაპირზე წაესვა, რომლითაც ნავალნი ჩაის სვამდა, ან უკვე მომზადებულ ჩაიში ჩაეყარა საწამლავი.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფება. რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავით ფრენის დროს. ამის შემდეგ თვითმფრინავი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი საავადმყოფოში წაიყვანეს, ორი დღის შემდეგ კი ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ "ნოვიჩოკით" მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.

 

კომენტარები