საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ჰქონდა თუ არა ბავშვის პირადი ცხოვრებით შანტაჟში ბრალდებულს ჩამორთმეული ბერობა?

ლევან ჯალაღონია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, დაკავებული პირი, რომელსაც დღეს ბრალი არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე წარედგინა, მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 2016 წელს აღკვეცა ბერად და იგი ნამდვილად ირიცხებოდა რუის-ურბნისის ეპარქიის სამონაზვნო დასში. 

საპატრიარქოს განცხადებაში ჩამოთვლილია სანქციები, რომელიც მაშინ იოანე ჯალაღონიას დაეკისრა - ბერი გააფრთხილეს და, მოგვიანებით, ზიარება აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს არ დაუზუსტებია, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ჩამორთმეული ბერობა, რა პრაქტიკასაც იცნობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მაგალითად - ყოფილი მღვდელმთავრების - ამბროსი ქათამაძისა და გაიოზ კერატიშვილის შემთხვევაში.

"მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა გამო, თანახმად მოციქულთა 28 და 35, ანტიოქიის 3,13 და 17, კონსტანტინოპოლის 2-ე კანონებისა, მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) სრულიად განიკვეთოს სასულიერო წოდებიდან, ჩამოერთვას მას ბერობის ხარისხი და დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე. უკეთუ აღნიშნული პიროვნება (ალექსანდრე ქათამაძე) არ მოინანიებს თავის დანაშაულს, იგი სრულიად განიკვეთება მართლმადიდებელი ეკლესიიდან და გადაეცემა ანათემას", - ვკითხულობთ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებაში.

1980 წლის 12 იანვარს მიტროპოლიტი გაიოზიც, სინოდის გადწყვეტილებით დაყვანილ იქნა ერისკაცის ხარისხში:

"მოისმინეს: კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოხსენება იმის შესახებ, რომ საქართველოს წმიდა სინოდის ყველა წევრისაგან წმ. სინოდში შემოვიდა წერილობითი თხოვნა, რათა საქართველოს ეკლესიისა და ერის წინაშე დანაშაულებათა გამო, მიტროპოლიტი გაიოზი განკვეთილ იქნას ყოველგვარი სამღვდელო ხარისხიდან და ბერობიდან..".

ტაბულას საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ "როგორც ასეთი, ბერობის ჩამორთმევა არ ხდება ხოლმე. მას ჰქონდა აკრძალული ზიარება. ასეთი განცხადება გააკეთა იმ ეპარქიამ, სადაც ის აღკვეცეს".

კითხვას, შეცვალა თუ არა პრაქტიკა საქართველოს მარტლმადიდებელმა ეკლესიამ, რადგან სინოდის სხდომის ოქმებში ვხვდებით ჩანაწერებს ბერობის ჩამორთმევის შესახებ, დეკანოზმა ანდრიამ გვიპასუხა:

"პრაქტიკა არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში, მას ბერობა ჩამორთმეული არ ჰქონდა. როგორც განცხადებაში წავიკითხეთ, რამდენიმე დარღვევის გამო, მას შეუჩერეს ზიარების უფლება. დარღვევებზე ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია რუის-ურბნისის პრესსამსახურმა გაავრცელა, რომ აკრძალული ჰქონდა მას ზიარება. მანამდე ჩვენთვის რაც იყო ცნობილი, იყო ის, რომ იქ აღიკვეცა და რაღაც მიზეზით დატოვა მერე ეპარქია. მათი ცნობით, ამის მიზეზი იყო რაღაც დარღვევები", - აცხადებს დეკანოზი ანდრია.

გახსენებთ: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა და შემდეგ ემუქრებოდა.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

9 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია "თვითმარქვია სასულიერო პირზე", რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიის ყოფილი ბერი აღმოჩნდა.

"ცოტა ხნის წინ სოციალურ და ტელემედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი იოანე (ერისკაცობაში - ლევან ლუკას ძე ჯალაღონია) არასრულწოვანზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სოციალური ქსელით გაგზავნილი ფოტოების საფუძველზე აშანტაჟებდა მას.

როგორც ირკვევა, ბერი იოანე საზოგადოებაში თავს თვითნებურად მღვდელ-მონაზვნად წარმოაჩენს, ასევე თვითნებურად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და შეჰყავს შეცდომაში. ბოლო დროს ბერ იოანეზე რამდენიმე საჩივარი შემოვიდა საქართველოს საპატრიარქოშიც, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოანე ჯალაღონია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 2016 წელს აღკვეცა ბერად და იგი ნამდვილად ირიცხებოდა ეპარქიის სამონაზვნო დასში. თუმცა მოგვიანებით საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებურად დატოვების, დაუმორჩლებლობისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის არაერთხელ მიეცა მკაცრი გაფრთხილება, ბოლოს კი, საეკლესიო წესდებათა დარღვევისთვის, აეკრძალა წმინდა ზიარების მიღება. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დატოვა ეპარქია, თვითნებურად ატარებდა მღვდელმოქმედებას და აგრძელებდა მორწმუნეების დაბრკოლებას", - წერდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 

კომენტარები