NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს, 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას

ReformAustin.org

ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები. 

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა ვის მისცემდით ხმას"? – 36% პასუხობს "დიახ", 59% – "არა". 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. 

ასევე კითხვას, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 88% დადებითად პასუხობს, 12% კი უარყოფითად. 

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა, 64% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 9% არცერთ პარტიას ირჩევს. 

"ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული". – წერია კვლევაში. 

კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის პრინციპით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. 

კომენტარები