აღმოჩენა ვენერაზე

მეცნიერებმა ვენერაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს

NASA

მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს.

ვენერაზე სიცოცხლის ფორმები არ აღმოუჩენიათ, თუმცა დედამიწაზე ფოსფინს გამოყოფენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში ცხოვრობენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მსგავსი ბაქტერიული სიცოცხლის ფორმა, შესაძლოა, ვენერაზეც იყოს. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ფოსფინი ჰავაიში ჯეიმს კლარკ მაქსველის ტელესკოპით აღმოაჩინა და ჩილეში რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.

"იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვენერაზე ვიცით, ფოსფინის არსებობის ყველაზე ლოგიკური ახსნა, როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლეა". – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი, კლარა სუსა-სილვა.

ფოსფინის მოლეკულა ფოსფორის ერთი ატომისა და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. ფოსფინის გაზი ადამიანისთვის უაღრესად ტოკსიკურია.

ფოსფინის კონცენტრაცია ვენერის ატმოსფეროში ძალიან დაბალია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფოსფინის წარმოქმნის არაბიოლოგიური პოტენციური წყაროებიც, ვულკანური აქტივობა, მეტეორიტები, ელვა და სხვადახვა ქიმიური რეაქციებიც, ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ ხსნის, ატმოსფეროში ფოსფინის არსებობას. ვენერაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ან ფოსფინის წარმოქმნის ალტერნატიული ახსნის დასადასტურებლად კვლევა გრძელდება.

ვენერის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 471 გრადუსს აღწევს, რაც მის ზედაპირზე სიცოცხლის არსებობას შეუძლებელს ხდის. მეცნიერთა ვარაუდით ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება ვენერის ატმოსფეროში არსებობდეს, სადაც ტემპერატურა ზედაპირთან შედარებით ძალიან დაბალია, 30 გრადუსი ცელსიუსით. თუმცა ვენერას ატმოსფეროს 90% გოგირდოვანი მჟავისგან შედგება. ასეთი მაღალი მჟავიანობის გარემო დედამიწაზე არსებული მიკროორგანიზმებისთვის შეუფერებელია.

თუ მიკროორგანიზმები მართლაც არსებობს ვენერის ატმოსფეროში, მათ მზის ენერგიისა და წყლის საკმარისი რესურსი ექნებათ, თუმცა აუცილებელი იქნება, რომ რაიმე სპეციფიკური დამცავი მექანიზმი ჰქონდეთ, რომელიც მათ კოროზიისგან დაიცავს.

დედამიწაზე არააერობული ორგანიზმები, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ, ფოსფინს წარმოქმნიან. ასეთი ორგანიზმები გვხვდებიან ჭაობებში, ბრინჯის ყანებში, ტბებთან არსებულ ნალექიან ადგილებში, ექსკრემენტებსა და ცოცხალი არსებების კუჭ-ნაწლავის ორგანოებში. გარკვეულ ინდუსტრიულ გარემოში ფოსფინი არაბიოლოგიური გზითაც გამომუშავდება. ფოსფინის წარმოებისთვის დედამიწური ბაქტერიები ფოსფორს მინერალებიდან და ბიოლოგიური მასალიდან იღებენ და წყალბადს უმატებენ.

"ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, რომ ამ აღმოჩენისთვის ბიოლოგიური პროცესის გარდა სხვა ახსნაც მოგვეძებნა. ფოსინის, ვენერის, გეოქიმიის ჩვენი ამჟამინდელი ცოდნის საფუძველზე არ შეგვიძლია ვენერის ღრუბლებში ფოსფინის არსებობის ახსნა. ეს არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად სიცოცხლეა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეგზოტიკური პროცესი ფოსფინს ქმნის და ვენერას შესახებ ჩვენს ცოდნაზე უნდა ვიმუშაოთ". – თქვა კლარა სუსა-სილვამ.

ვენერა ფოსფინისთვის არამეგობრული გარემო უნდა იყოს. პლანეტის ატმოსფერო და ზედაპირი მდიდარია ჟანგბადის ნაერთებით, რომლებიც სწრაფად შედის ფოსფინთან რეაქციაში და მის დაშლას იწვევს.

"რაღაცა ვენერაზე ფოსფინს ისევე სწრაფად ქმნის, რა სისწრაფითაც ის იშლება". – თქვა კვლევის თანაავტორმა, ანიტა რიჩარდსმა რომელიც ინგლისში, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასოცურებული ასტროფიზიკოსია.

NASA-ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტაინმა Twitter-ზე აღმოჩენას დედამიწის გარდა სიცოცხლის დადასტურების კვლევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. NASA  ვენერის ატმოსფეროს გამოსაკვლევად პლანეტაზე ზოდის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. 

"დროა ვენერა პრიორიტეტი გახდეს". – წერს ბრიდენსტაინი.

ვენერაზე კოსმოსური მისიები აქამდეც გაუგზავნიათ, თუმცა პლანეტაზე სიცოცხლის დასადასტურებლად ახალი ზონდის გაგზავნა იქნება საჭირო.

კომენტარები