არჩევნები 2020

პირბადე, ინდივიდუალური კალმები, კაბინები ფარდების გარეშე - როგორ ჩატარდება არჩევნები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პანდემიის იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ჩატარდება. 

ჟვანიამ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ ამომრჩეველს პირბადეების ტარებას მოეთხოვება. მისივე თქმით, მათ ინდივიდუალურ კალმებსაც შესთავაზებენ. 

"ჩვენი გეგმა ნამდვილად არის ასეთი, რომ ინდივიდუალური პასტები შევთავაზოთ ამომრჩევლებს, ასევე, ჩვენ ამომრჩეველს აუცილებლად მოვთხოვთ პირბადის ტარებას, იმიტომ რომ მათ დახურულ შენობაში უწევთ ხმის მიცემა და ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა. თუმცა, პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ 2 შემთხვევაში, შესასვლელთან და რეგისტრატორთან, როცა მათი იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი არჩევნების სანდოობისთვის. ამავდროულად, კომისიის წევრებზე ვგეგმავთ მოთხოვნას, როგორც პირბადეების, ასევე ხელთათმანებით მუშაობისა". – ამბობს ჟვანია. 

მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი პირბადის გარეშე მივა საარჩევნო უბანზე, მას აუცილებლად მისცემენ ადგილზე. 

ჟვანია ამბობს, რომ სიცხის დაფიქსირების მიუხედავად, ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ შეეზღუდება. 

"არ ვითხოვთ, რომ მოიტანონ ტესტის პასუხი არჩევნების დღეს, ეს პროცესი შეუძლებელი იქნება. დღეს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც შევთანხმდით, რომ ჩვენ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, რომც ჰქონდეთ მათ სიცხე, ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამიტომ, ყველა ამომრჩეველი, ვინც მოვა საარჩევნო უბანზე შეძლებს, რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა". – ამბობს ჟვანია და აღნიშნავს, რომ ამომრჩეველებს ძალიან ცოტა ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის, "ეს არის 15 წუთზე ნაკლები, რაც არ არის სარისკო საერთაშორისო სტანდარტით". 

მისივე თქმით, რისკის შემცველად იქნა მიჩნეული საარჩევნო კაბინის ფარდები, რის გამოც, კაბინების დიზაინი იქნება განსხვავებული. კაბინები განლაგდება სხვაგვარად და იქნება ფარდების გარეშე, ისე რომ ხმის მიცემის ფარულობა არ დაირღვეს. 

"დეზინფექციას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ საარჩევნო უბნებზე, იქნება ძალიან ბევრი წესი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება წინა დღეს, კენჭისყრის დღეს მისი ზედაპირების დამუშავება. ინდივიდუალური პასტები, პირბადეები, სახის ფარები კომისიის წევრებისთვის,  ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები, რომლებსაც ყველას შევთავაზებთ". – თქვა თამარ ჟვანიამ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები