საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო

TI: თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში ხარჯები გაიზარდა

0 კომენტარი

ანტიკორუფციული მოძრაობა "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" (TI) კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში იურიდიულ პირებში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც.

2017 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის 114 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით, ხოლო სახელფასო, საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა და 37,180,329 ლარი შეადგინა.

"იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში 2017 წელს - 121, 2018 წელს -  125, ხოლო 2019 წელს 114 იურიდიული პირი ფუნქციონირებდა და ჯამში 7000 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2019 წელს მათში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით გაიზარდა". – წერია კვლევაში.

TI-ის ინფორმაციით, იმერეთის 10 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი იურიდიული პირი (24) სამტრედიის მუნიციპალიტეტს ჰყავს. მუნიციპალურ იურიდიული პირებში კი ჯამურად ყველაზე მეტი - 1498 დასაქმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტშია.

"იმერეთის იმ ათ მუნიციპალიტეტში, რომელთაც ინფორმაცია სრულად მოგვაწოდეს, 2017 წელს იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე ჯამურად 24,222,090 ლარი დახარჯეს, ხოლო 2019 წელს აღნიშნული  ხარჯი 8,701,060 ლარით გაიზარდა და 32,923,150 ლარს მიაღწია". – ნათქვამის TI-ის კვლევაში. 

იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი სახელფასო თანხა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაიცა. ჭიათურა ლიდერობს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობითაც. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი - ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარჯით თერჯოლის და წყალტუბოს მერიების იურიდიული პირები ლიდერობენ. კომუნიკაციაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გასწიეს.

"საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა მცირე ზომის მთავრობის ინიციატივით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას გულისხმობს. ამ ფონზე კი მუნიციპალური იურიდიული პირების ხარჯები და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან, მიზანშეუწონელია ხარჯების მსგავსი მასშტაბური მატება". – წერია კვლევაში.

TI მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს: 

  • "შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი მიიღონ გარკვეული მომსახურებები ტენდერის გზით - ეს შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.
  • გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები