კორონავირუსი აჭარაში

რიჟვაძე: ბათუმი და აჭარა არ იკეტება, ქალაქში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა. მისივე თქმით, აჭარისა და ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება. 

"ბათუმი არის საყურადღებო კერა. რა თქმა უნდა, ხდება როგორც კონკრეტული პროტოკოლით განსაზღვრული რეაგირება, ასევე, კონტაქტის მიდევნება. 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი ქალაქში. შესაბამისად, მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები. ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში. ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება, ან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებებით, ან თუნდაც საკარანტინო ღონისძიებებით გათვალისწინებული ზომების მიღება". – ამბობს რიჟვაძე. 

დღეს, 16 სექტემბერს დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში აღირიცხა.  

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები