კორონავირუსი საქართველოში

მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში ჩავიდნენ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ვიცეპრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბათუმში არიან. 

როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ჩავიდნენ. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობის წევრები NCDC-ის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით არიან. 

"იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი". – ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით აჭარაში. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 145 კი აჭარაში, უმეტესად ბათუმში აღირიცხა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოსახლეობას აიმედებენ, რომ საყოველთაო კარანტინზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. 

კომენტარები