ევროპარლამენტი - საქართველო

ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში მიიღო

GETTY IMAGES

ევროპარლამენტმა 16 სექტემბერს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ანგარიში მიიღო. ანგარიში საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს.

მთლიანობაში ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის საჭირო რეფორმებისა და კანონპროექტების გატარების პროცესს.

დადებითადაა შეფასებული პოლიტიკური პარტიების მიერ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ და ახალი სისტემის გამოყენება 2020 წლის არჩევნებისთვის. თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ევროპარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნები თანასწორი კონკურენციის პირობებში ჩატარდება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გაითვალისწინოს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები და გადაჭრას არსებული პრობლემები, მათ შორის სახელმწიფო რესურსების გამოყენება პოლიტიკურ კამპანიაში და კამპანიის დაფინანსების სხვა შეუსაბამო მეთოდები, ძალადობის დაუსჯელობა, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელება, ხმების მოსყიდვა, ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მოქალაქეების, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულების არჩევნებში თავისუფლად და ზეწოლის გარეშე მონაწილეობა. ანაგრიში მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიცვას დამკვირვებლების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება.

ანგარიში აღიარებს, რომ საქართველოს პროგრესი აქვს დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხში, რაც 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებში აისახება.

თუმცა, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო საქმეების არსებობის გამო. ევროპარლამენტი მიესალმება პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პატიმრების შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სექტორში რეფორმები მოკრძალებულია. უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რევიზიისკენ და ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გატარებისკენ. ანაგრიში ხაზს უსვამს არაპოლიტიკური სასამართლო სისტემისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს, გამოიძიოს ქართველი სამართალდამცველების მიერ ძალის გადაჭარბების შემთხვევები, მათ შორის 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედია დინამიური და პლურალისტურია, მაგრამ პოლარიზებული. ანგარიში ხაზს უსვამს თავისუფალი მედიის არსებობისა და პოლიტიკური მოვლენების არადისკრიმინაციული გაშუქების მნიშვნელობას.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის და უმცირესობების უფლებების დაცვისთვის გატარებული ცვლილებები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები.

ანგარიში აქებს საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას, მიესალმება ვიზალიბერალიზაციის პირობებში ქართველი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ევროპის ქვეყნებში და ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას როგორც სტრატეგიული პარტნიორისა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს NATO-ს და სხვა საერთაშორისო მისიებთან.

ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და ადამიანების უფლებების დარღვევის შემთხვევებს. ასევე, საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებიც ასევე რუსეთთანაა დაკავშირებული.

კომენტარები