ტურიზმი

თურნავა დისკრიმინაციულ კარანტინზე: უცხოელი მოქალაქე უფრო მარტივი სამონიტორინგოა

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად აღადგენს ფრენებს და დაუბრუნდება 2019 წლის მაჩვენებელს. მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოდან საათში 50-ზე მეტი ავიაკომპანია დაფრინავდა 83 მიმართულებით. მისი თქმით, ყველა ავიაკომპანია მზად არის, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ფრენები განაახლოს. ნათია თურნავამ გიორგი კანდელაკის კითხვას უპასუხა, რომელიც შეწყვეტილ ფრენებს და დისკრიმინაციულ კარანტინს ეხებოდა.

"2012 წლამდე იყო სულ 28 კომპანია, რატომ არ შემოიყვანეთ ვიზეარი ან რაინეარი 2012 წლამდე? ნუ ქმნით ისეთ ილუზიას, რომ გლობალური პანდემიის დროს გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები... მესმის, ყველას უნდა რომ ჩაგვეზიაროს, მაგრამ ცოტა უხერხულია" - მიმართა თურნავამ ევროპულ საქართველოს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სავალდებულო კარანტინი საქართველოს მოქალაქეს იმიტომ ეხება, რომ "უცხოელი მოქალაქე უფრო მარტივი სამონიტორინგოა". 

"ქართველს აქვს გაცილებით მეტი სოციალური კონტაქტი, მეტი სამუშაო კონტაქტი აქვს და დიდ რისკს ქმნის. ეს არ არის ჩემი, ეკონომიკის მინისტრის გათვლა. ჩვენი სიძლიერე ის არის, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენს მედიკოსებს, ჩვენ გავითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, სანამ ამის აუცილებლობა იქნება" - თქვა თურნავამ.

რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია. 

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". თუმცა, 17 სექტემბერს გადაწყდა, რომ 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისზე კვირაში ერთ ფრენას შეასრულებს.

ჯერჯერობით, საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). ასევე ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზის და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლოს, კიევის, დოჰის და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის პასუხით შეუძლიათ. იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა კი, სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები