თავდასხმა თბილისში

ენმ-ის წევრ ლაშა ცუცქირიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა

თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ცუცქირიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. ტაბულასთან საუბარში ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ ფაქტი თბილისში, პეკინზე მოხდა, როდესაც ცუცქირიძე სახლში ბრუნდებოდა.

"დაახლოებით 10 საათზე შტაბიდან წამოვიდა მის დასთან და მეუღლესთან ერთად. სახლთან როგორც კი  მანქანა გააჩერა და ჩამოვიდა, დაესხა თავს ორი ნიღბიანი უცნობი პიროვნება, კასტეტებით შეიარაღებული და გაუსწორდნენ ფიზიკურად. 

შემთხვევა მოხდა პეკინზე. გამოძიება დაწყებულია, ახლა გადაგვყავს რესპუბლიკურ საავადმყოფოში". – ამბობს ზვიად კუპრავა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები