აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუთ გინსბურგი

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ლიბერალური სიმბოლო, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გინსბურგის გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა. უკანასკნელ დღეებში ის დედაქალაქ ვაშიგნტონში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იყო.

გინსბურგი უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი იყო და ერთ-ერთი 4 ლიბერალი მოსამართლიდან. ის მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

მანამდე ის ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, 1972 წელს კოლუმბიის სამართლის სკოლის პირველი ქალი პროფესორი გახდა. გინსბურგი უზენაეს სასამართლოში 1993 წელს ბილ კლინტონმა დანიშნა.

გინსბურგის შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და შემდეგ სენატმა დაამტკიცოს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

მიუხედავად ამისა, BBC წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი უკვე მუშაობს უმოკლეს ვადაში მისი შემცვლელის წარდგენაზე. სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

კომენტარები