ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: სტატისტიკა ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, სტაბილიზაციის მაჩვენებელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკის ერთ დონეზე შენარჩუნება სტაბილიზაციის მაჩვენებელია. მისივე თქმით, აჭარაშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების ერთი და იგივე ციფრები ვლინდება, რაც ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის მანიშნებელია.

"[სტატისტიკა] ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი. ყველაზე ცხელ რეგიონში, რომელსაც ჰქვია აჭარა, როგორც ჩვენ ვხედავთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში იქ გარკვეულწილად, დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და იმედია, რომ ლიკვიდაცია მოხდება.

დანარჩენი წერტილები ხედავთ, რომ არ არის დიდი რაოდენობით, იმედია, მათ ლოკალიზაციას და ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა". – ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი 196 შემთხვევიდან 128 გამოვლინდა აჭარაში, თბილისში – 30, ქუთაისში – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, ქვემო ქართლში – 5, გურიაში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 2, შიდა ქართლში – 1 და კახეთში – 1. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 502 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები