დონალდ ტრამპი

ტრამპისთვის თეთრ სახლში გაგზავნილ კონვერტში საწამლავი რიცინი აღმოაჩინეს

The Hill

დონალდ ტრამპისთვის თეთრს სახლში გაგზავნილ კონვერტში მომწამვლელი ნივთიერება, რიცინი აღმოაჩინეს. კონვერტი სამართალდამცველებს მანამდე ჩაუვარდათ ხელში, სანამ ის თეთრ სახლამდე მიაღწევდა. წერილი თეთრი სახლისთვის გაგზავნილი ფოსტის შემმოწმებელმა სამსახურმა აღმოაჩინა. 

ტრამპის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და საიდუმლო სამსახურმა გამოძიება დაიწყეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, ამჟამად საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებელთა ვერსიით, წერილი კანადიდან იყო გაგზავნილი. კანადელი სამართალდამცველები გამოძიების პროცესში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობენ.

კონვერტში აღმოჩენილ მომწამლავი ნივთიერებას, რიცინს ბუნებრივად შეიცავს აბუსალათინის მარცვლები.

გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში, ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მან შეიძლება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შინაგანი სისხლდენა და საბოლოოდ ორგანოების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს. რიცინის ანტიდოტი ცნობილი არ არის და მასთან კონტაქტის შემდეგ სიკვდილი შესაძლოა 36-72 საათში დადგეს.

თეთრ სახლში და სხვა ფედერალურ შენობებში რიცინის შემცველი გზავნილები წარსულშიც გაუგზავნიათ. 2014 წელს მისისიპის მაცხოვრებელს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა რიცინის ფხვნილით დაფარული წერილების ბარაკ ობამასთვის გაგზავნისთვის.

​2018 წელს კი აშშ-ს ფლოტის ვეტერანი დაიჭირეს პენტაგონში და თეთრ სახლში ტოქსიკური წერილების გაგზავნისთვის.

კომენტარები