არჩევნები 2020

დეკანოიძე: მე და ჩემს შვილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გვითვალთვალებენ

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე მასზე, მისი ოჯახის წევრებზე და მის შვილზე კრიმინალური პოლიციის მხრიდან უკანონო თვალთვალზე საუბრობს. ხატია დეკანოიძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. დეკანოიძე ასახელებს კონკრეტულ დღესაც. მისი თქმით, მანქანა, რომელიც მის შვილს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა, გლდანის პირველი განყოფილების თანამშრომელს, პეტრიაშვილს ეკუთვნის.

"კონკრეტული ფაქტი, როდესაც მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ, ამ მანქანის ფოტოც გვაქვს. რამდენიმე დღიანი კვლევის შემდეგ ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში. 

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ჩემი "კეთილს მსურველებისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაფრთხილება, რომ მიმდინარეობდა მუდმივი თვალთვალი ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. რეალურად, მიმდინარეობდა ამ ადამიანების მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა". – ამბობს ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ მეთოდებს რეპრესიული მართლმსაჯულების საშუალებით ხელისუფლება იყენებს. შესაბამის უწყებებს კი მოუწოდებს, რომ გამოიძიონ პოლიტიკოსზე და მისი ოჯახის წევრზე უკანონო თვალთვალის ფაქტი.

"უკანონო თვალთვალი ისჯება სისხლის სამართლის წესით, ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების საშუალებით ახდენს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და მთლიანად მართლმსაჯულება გადააქცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის მთავარ იარაღად. 

მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა როგორც ჩანს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია ახორციელებს სუს-თან ერთად უკანონო თვალთვალს, შეწყვიტონ ეს ზეწოლა. პროკურატურას – გამოიძიონ პოლიტიკოსზე და მისი ოჯახის წევრზე უკანონო თვალთვალის შესახებ". – თქვა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები