გერმანია-რუსეთი

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი, მერცი: მოსკოვთან მიმართებით პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს

0 კომენტარი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მოსკოვთან მიმართებით გერმანიის პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს. 

ამის შესახებ მერცმა გამოცემა BIld-თან ინტერვიუში განაცხადა. "ეს ადამიანი [ვლადიმერ პუტინი] და მისი არმია სირიაში საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ბომბავენ". – განაცხადა მერცმა. 

ფრიდრიხ მერცის თქმით, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ევროპაში მოზღვავებულ მიგრანტების ტალღაზე. "მიგრანტების კრიზისი უმთავრესად სწორედ რუსეთის მიერ სირიაში ბარბაროსული სამხედრო კამპანიით არის განპირობებული, რაზეც პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინი ატარებს". – ამბობს მერცი. 

მერცი პარალელურად გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეს და განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან მიმართებით გერმანიამ პოლიტიკა გაამკაცროს. მერცის თქმით, ამ დროისთვის დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთადერთი მიზეზი კრემლის მოქმედებებია. 

მერცის თქმით, რახან რუსეთი არ ატარებს გამოძიებას ნავალნის საქმეზე "დრო მოვიდა დაისვას საკითხი - "შეგვიძლია თუ არა რუსეთთან მიმართებაში ვიმოქმედოთ ისე, როგორც ვმოქმედებდით აქამდე". – თქვა მერცმა.

რამდენიმე დღის წინ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან შეხვედრის დროს, ფრიდრიც მერცმა ანგელა მერკელს მოუწოდა ორი წლის ვადით შეეჩერებინა გაზპრომის გაზსადენის, Nord Stream 2-ის მშენებლობა. 

ფრიდრიხ მერცი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გამოცდილი წევრი და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. სწორედ ფრიდრიხ მერცი იყო ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი პარტიულ ბრძოლაში 2005 წელს, მაშინ პარტიის უმრავლესობამ მხარი ანგელა მერკელს დაუჭირა. 

2018 წელს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მომავალ გენერალურ არჩევნებში იგი მონაწილეობას აღარ მიიღებს, შესაბამისად, პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება. 

თავდაპირველად, ანგელა მერკელმა, საკუთარ შემცვლელად ანაგრეტ კრამ-კარენბაუერი დაასახელა, თუმცა კარენბაუერმა პარტიაში სათანადო ავტორიტეტი ვერ მოიპოვა და მალევე გამოეთიშა ბრძოლას. 

ამის შემდეგ ყველაზე პერსპერქტიულ შემცვლელებად, ჩრდილოეთ რეინის მიწის პრემიერ, არმინ ლაშეტს, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ნორბერტ რიონტგენს და ფრიდრიხ მერცს ასახელებდნენ. ახალი ლიდერის არჩევნები პარტიაში მიმდინარე წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების თარიღმა გადაიწია. 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პარტიულ ბრძოლაში ახალი ფიგურანტი გამოჩდა, რომელმაც მალევე დაჩრდილა თავისი კონკურენტები. ბოლო თვეებში ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ტრადიციული პარტნიორის, ბავარიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი და ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრი, მარკუს ზიოდერი სახელდება.

სწორედ ზიოდერმა გადაუსწრო ფრიდრიც მერცს, რომელიც მანამდე დამაჯერებლად ლიდერობდა. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის [ZDF] მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მომავალ კანცლერად მარკუს ზოდერის ხილვა გამოკითხულთა 64%-ს სურს, ფრიდრიხ მერცს მხარს 31% უჭერს, არმინ ლაშეტს 19%, ხოლო ნორბერტ რიონტგენს 14%.  

ფრიდრიხ მერცი უკვე წლებია ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის გამყარების და დასავლური ალიანსის გაძლიერების იდეით გამოდის. ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში იგი რუსეთის მიმართ მკაცრი კურსის მომხრეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები