კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - 67 წლის კაცი

საქართველოში, ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით 22 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - 2.   

"ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, 21 სექტემბერს პაციენტი გარდაიცვალა." - ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები