ბელარუსი

ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა

0 კომენტარი
ალექსანდრ ლუკაშენკო ფოტო: Reuters

დღეს, 23 სექტემბერს, ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ინაუგურაციის ჩატარების შესახებ საზოგადოება გაფრთხილებული არ იყო და მისი მომზადების პროცესი არ საჯაროვდებოდა. ინაუგურაცია მინსკის თავისუფლების სასახლეში გაიმართა. ცერემონიას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პრესა, მეცნიერები და კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები.

ინაუგურაციის ცერემონია არ გადაიცემოდა სახელმწიფო არხებით. ინაუგურაციის ტრანსლაცია კანონით არის გათვალისწინებული. წინა დღით Telegram არხმა Nexta-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციების გამო შეიძლებოდა ლუკაშენკოს ინაუგურაცია საიდუმლოდ ჩაეტარებინა.

ფიცის დადების დროს ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ "ბელარუსის რესპუბლიკის ხალხის სამსახურში იქნება, პატივს სცემს და დაიცავს მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს" და დაიცავს კონსტიტუციას.

ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა პაველ ლატუშკომ ინაუგურაციას "ქურდების საიდუმლო შეკრება" უწოდა.

"სად არიან მოზეიმე მოქალაქეები? სად არის დიპლომატიური კორპუსი? ნათელია რომ ლუკაშენკო მხოლოდ სპეცრაზმის და რამდენიმე მატყუარა მთავრობის წევრის პრეზიდენტია". – დაწერა პაველ ლატუშკომ სოციალურ მედიაში.

ლატუშკომ ბელარუსის მოსახლეობას პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ინაუგურაციას ფარსი უწოდა.

გასულ კვირას გაერო შეთანხმდა, რომ ბელარუსში აღწერილი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მონიტორინგს დაიწყებდა. გაეროს გამომძიებელმა ანაის მარინმა თქვა, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი ძალადობრივად დააპატიმრეს, აღირიცხა წამების 500-ზე მეტი შემთხვევა და სასტიკი ცემის ათასობით შემთხვევა. 

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ბელარუსის პოლიცია პროფესიონალურად და ჰუმანურად მოქმედებს და ძალის გადამეტების ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები