სომხეთი - აზერბაიჯანი

მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დუპირისპირდნენ

Getty Images

მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დასახლებებზე ადგილობრივი დროით 08:10-ზე დაიწყო. სამინისტროს თქმით, მათ აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს სამი ტანკი.

"ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი, მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრება". – ამბობს განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო.

პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაიღუპა ქალი და ბავშვი. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს. მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა რეგიონმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

პარალელურად აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ იწყებდა კონტრშეტევის ოპერაციას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივობის შესაჩერებლად და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე სამოქალაქო პირი და მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩამოგდებულია მხოლოდ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომლის ეკიპაჟიც გადარჩა. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხური საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 12 განადგურებულია.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება უკანასკნელად ივლისში ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. 

კომენტარები