არჩევნები 2020

უდუმაშვილი: ვწყვეტთ ოპოზიციასთან დისკუსიას, ვიდებატოთ  ქართულ ოცნებასთან

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია ოპოზიციასთან, კერძოდ კი, ევროპულ საქართველოსთან "დისკუსიას" წყვეტს. თქვა ამის შესახებ უდუმაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

"ამ პროცესში ტალახის სროლა და დისკუსიები არის მხოლოდ დამაზიანებელი მთლიანად პროცესისთვის. ჩვენი ამომრჩეველიც ძალიან ღიზიანდება. ჩვენ უნდა შევასრულოთ მოსახლეობის დაკვეთა და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალსა და განვითარებაზე.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ვწყვეტთ ნებისმიერ ასეთ დისკუსიაში მონაწილეობას, ეს არის დამაზიანებელი მთელი წინასაარჩევნო პროცესის და იმ საერთო მიზნისთვის, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის გასტუმრება 31 ოქტომბერს. თუ ჩვენ დებატები დაგვჭირდება, ვიდებატოთ  ქართულ ოცნებასთან" - თქვა უდუმაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს განიხილავს არა კონკურენტებად, არამედ, მომავალ მოკავშირეებად.

"შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს პროგამებით და არა შეურაცხყოფებით" - თქვა უდუმაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთისადმი თავდაუსხმელობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუმცა, შეთანხმება მალევე დაირღვა. ენმ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ახმეტის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ევროპული საქართველო გააკრიტიკა.

"ეხლა რომ ევროპულ საქართველოს ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ რომ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება, შეცდომები და დანაშაულები ვისი ჩადენილი იყო". - თქვა ვაშაძემ, მოგვიანებით კი, პარტიებს შორის შეთანხმებას ირონიულად "უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი" უწოდა და საწოლის თავთან ჩამოკიდების პირობა დადო.

კიდევ ერთი შეთანხმება პარტიებს შორის 2019 წლის შუალედური არჩევნების დროსაც დაიდო. შეთანხმების მიხედვით, შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმ დააყენებდა კანდიდატს, 6-ში კი - ევროპული საქართველო. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთს ოპონირებას არ გაუწევდნენ და ერთმანეთს მხარს დაუჭერდნენ. 

თუმცა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატი დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, მარნეულში კანდიდატს ევროპული საქართველო აყენებდა. ამასთან, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჭიათურის მერის არჩევნებზე ევროპული საქართველოს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს, მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები