პარლამენტი

მესამე მოსმენით პარლამენტმა შრომის რეფორმის კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტი

შრომის რეფორმის შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დღეს, 29 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 

კანონის ავტორი, დამოუკიდებელი დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილია, მასთან ერთად ინიციატორები არიან: თამარ ჩუგოშვილი, სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ ხულორდავა და ირაკლი კობახიძე. 

შრომის ინსპექციის შესახებ წინადადებას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს 82 დეპუტატმა.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, იქმნება შრომის ინსპექციის სსიპი, რომელსაც გადაეცემა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები, ხოლო უშუალოდ სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან, რომელიც ცქიტიშვილმა წარადგინა. მათ შორის, საბოლოო, უკვე მიღებულ ვერსიაში არ შევიდა მინიმალური ხელფასის და ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარიც, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ჩამოერთმეოდათ ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა. საკანონმდებლო ინიციატივის ამ ნაწილს უკმაყოფილება მოყვა საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებში.

ამ პუნქტების ამოღებას არ მიესალმა შრომითი უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები, თუმცა კანონპროექტს მაინც მხარს უჭერდნენ. თავად ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შრომით სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება ქვეყანას.

კომენტარები