პომპეო ყარაბაღის კონფლიქტზე: სომხეთმა და აზერბაიჯანმა ძალადობა უნდა შეწყვიტონ

მაიკ პომპეო
US Embassy in El Salvador

29 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაჟინებით მოუწოდა, რომ ძალადობა შეწყვიტონ. 

მან მთიან ყარაბაღში კონფლიქტზე თქვა, რომ "ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთან იმუშაონ და არსებით მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ".

გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავს. დისკუსია დახურულ კარს მიღმა საქართველოს დროით 30 სექტებერს, 01:00-ზე გაიმართება.

საგანგებო შეხვედრა ბელგიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა და გერმანიამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოითხოვეს. მოგვიანებით, უშიშროების საბჭო ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თავდასხმაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები