არჩევნები 2020

ევროპელები: არ შევუქმნით კოალიციას ოცნებას და არ დავუჭერთ მხარს სააკაშვილის პრემიერობას

ევროპული საქართველოს პირობითი საარჩევნო სიის წარდგენა
ტაბულა

ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, არ შევიდეს კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტზე. რას გააკეთებენ და რას არ გააკეთებენ არჩევნების შემდეგ, ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა ილაპარაკეს და ხელშეკრულებაც დადეს.

"ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, უნდა მშვიდობიანად და პოლიტიკურად დასრულდეს ამ არჩევნებზე.

და მეორე, არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობას.

ხაზს ვუსვამ, რომ განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს, მათ შორის თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ "ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასტროფას უქადის ქვეყნის მომავალს", ხოლო სააკაშვილს და მის გარემოცვას "სურს დაბრუნება 2012 წლამდე წარსულში და ამ ნოსტალგიით არის შეპყრობილი".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ლიდერი იყო, ჩვენ, ევროპული საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული გვაქვს კარგად, რა იყო არასწორი, რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად. გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი კი არ ჩამოვიცილოთ და მერე ვთქვათ, რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებაში, ჩვენს ვალდებულებათა ბარათში" - თქვა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატია.

კომენტარები