არჩევნები 2020

ფოფხაძე: მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას

ტაბულა

პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ, თუკი რომელიმე პარტიასთან კოალიციის შექმნა მოუწევთ, ისინი არა პოლიტიკური კონიუნქტურით, არამედ პრინციპებისა და ფასეულობების კარნახით იმოქმედებენ. ამის შესახებ ფოფხაძემ, რადიო თავისუფლების გადაცემაში ილაპარაკა. 

"ჩვენ არ გვინდა არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული ოცნება. რას ვიზამ, თავს არ მოვიკლავ-თუ ოპოზიციაში უნდა ვიყო, ვერც ოპოზიციაში ყოფნაში ვხედავ ტრაგედიას ამ შემთხვევაში. ჩვენთვის პრინციპული არის, დავიცვათ ის პრინციპები, რის გამოც წამოვედით ქართული ოცნებიდან. რის გამოც ვართ პოლიტიკაში, რის გამოც მივედით და, შესაბამისად, თუ მე ამ პრინციპებს არ ვიცავ, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი. თუ მე ვერთიანდები ირაკლი ოქრუაშვილთან, ვერთიანდები "გირჩთან", რომელთანაც არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არა მაქვს, მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მოიტანა ეს ყველაფერი, მაშინ ჩემი ყოფნის მორალური და პოლიტიკური ფასი პოლიტიკაში არის ნული". - ამბობს ფოფხაძე. 

კითხვაზე, ვინ არის პარტიის პოტენციური ამომრჩეველი, ფოფხაძე ამბობს, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც წლების განმავლობაში უსამართლო ჩაგვრა მობეზრდა. 

„ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ "გირჩს", უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას,  და ფიქრობენ, რომ ჩვენი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ. წლების მანძილზე ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ, რომ მოვიდნენ ქვეყანაში რომ ჩემზე იბატონონ.

მე ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ „პარაშაზე". - ამბობს ფოფხაძე. 

მისივე თქმით, მას აქვს პრეტენზია, რომ არის სპარტაკი და ხალხს მოუტანს თავისუფლებას. 

„იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“. - ამბობს ფოფხაძე. 

კომენტარები