თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკინანს Covid-19 დაუდასტურდა

თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელს, კეილი მაკინანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითონ მაკენანი Tweeter-ზე ავრცელებს. 

მაკენანის დადებითი შედეგი მოუვიდა დღეს დილით ჩატარებულ ტესტზე, მანამდე, მაკენონი კოვიდ-19-ზე ტესტებს ხუთშაბათიდან, 2 ოქტომბრიდან, მოყოლებული იკეთებდა, თუმცა პასუხი ყოველ ჯერზე უარყოფითი იყო. 

მაკენანის თქმით, მას არ აღენიშნება ინფექციის სიმპტომები და იგი კარანტინში გადავა და მუშაობას სწორედ თვითიზოლაციის რეჟიმიდან გააგრძელებს. თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურს, ჯერჯერობით, არ გამოუვლენია მასთან ახლო კონტაქტში მყოფი არცერთი პირი. 

ამავდროულად, მაკენანი ამბობს, მან დონალდ ტრამპის მრჩეველის, ჰოუპ ჰიქსის ინფიცირების შესახებ მხოლოდ ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს გამართული სპეციალური ბრიფინგიდან გაიგო. 

ჰოუპ ჰიქსის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Bloomberg-მა გაავრცელა, მოგვიანებით მისი მრჩეველის ინფიცირების შესახებ დაწერა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის. 

მოგვიანებით, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანიას ტესტებმა ახალი კორონავირუსი დაადასტურეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპს ფარმაცევტული კომპანიის Regeneron-ის მიერ დამზადებული ანტისხეულების კოქტეილი შეუყვანეს. შემდგომ კი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

ცნობილი იყო, რომ დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში რამდენიმე დღით გაჩერებასა და ადგილიდან მუშაობას გეგმავდა. ამის შემდეგ თეთრი სახლის აპარატის უფროსი, მარკ მედოუზი იტყობინებოდა, რომ დიაგნოზის გამოვლენის შემდეგ მას მალევე აუვარდა სხეულის ტემპერატურა და დაუვარდა ჟანგბადის დონე სისხლში. 

უოლტერ რიდის ჰოსპიტალში მკურნალობის დროს დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ დატოვა დაწესებულება, რათა მისალმებოდა ადგილზე შეკრებილ მის მხარდამჭერებს. დონალდ ტრამპი ავტომობილიდან არ გადმოსულა. 

პრეზიდენტის გარდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ მის პირად თანაშემწეს, ნიკ ლუნსა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ უილიამ სტეპინს.

კომენტარები