დავითგარეჯის საქმე

კაპანაძე დავით-გარეჯის საქმეზე: აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ საარჩევნოდ აბსურდი მოიგონა

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავება არის "აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც აბსურდული საქმე მოიგონა". მისი თქმით, ხელისუფლებას ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის.

"და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია თურმე, რომ ადამიანი დაიჭირო და ალბათ ახლა შეეცდებიან, რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე.

ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ არავინ ამ სისულელეს ჭამს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ და არავინ ამას არ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ძალიან მალე ნათელი გახდება ყველასათვის“. – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები