დავითგარეჯის საქმე

მარიკაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციოში

0 კომენტარი

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე უკანონოა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

"რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც ამ სამ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებას ან ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ. 

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იმ საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამართლემ ამით იხელმძღვანელა და ბოლოს ასე განმარტა კიდეც, რომ სპეციფიკა იყო დანაშაულის ისეთი, რომ შესაძლოა, ადამიანები მიმალულიყვნენ და თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის.  

ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და გავაგრძელებთ ბრალდებულების დაცვას, ვინაიდან უდანაშაულოები არიან ამ საქმეში." - ამბობს მელაშვილი. 

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები