შსს

თბილისში EU-ს წარმომადგენლობის ერთ-ერთი ოფისის გვერდით მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს

Pixabay

თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, იტალიურ ეზოში მცხოვრებ ადამიანებს თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევიათ ნივთისთვის, რომელიც ერთ-ერთი სახლის სახურავზე პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ჩამოვარდა და ძირს დაეცა, მცხოვრებლებმა ივარაუდეს, რომ ეს ხელყუმბარაა და კრიმინალურ პოლიციას დაუკავშირდნენ.

შენობა იტალიური ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ოფისის  გვერდით დგას. შენობაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები უპირველეს ყოვლისა ამ მტკიცებულებებს შეამოწმებენ. 

ადგილზე უკვე მუშაობენ განმნაღმველები. სამართალდამცველებმა იქ მცხოვრებლებს ეზო დაატოვებინეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები