ეკონომიკა

ნობელი ეკონომიკაში აუქციონების თეორიის სრულყოფისთვის 2 ამერიკელ მეცნიერს გადაეცა

2020 წლის ნობელის პრემია გადაეცა ეკონომიკის დარგში 2 ამერიკელ ეკონომისტს, პოლ მილგრომს და რობერტ უილსონს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პრემია მილგრომს და უილსონს აუქციონების თეორიის სრულყოფისა და ახალი ფორმატის აუქციონების შექმნისთვის გადაეცა. 

წინა დღეებში ნობელის კომიტეტმა გამოავლინა ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობის დარგში.

ე.წ. ბანკირების პრემია 1969 წლიდან გაიცემა. პრემიის დაარსება შვედეთის ცენტრალურ ბანკს უკავშირდება. 1968 წელს რიკსბანკმა ნობელის ფონდში პრემიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი თანხა შეიტანა. პრემიის ოფიციალური სახელწოდებაა "ალფრედ ნობელის სახელობის, რიკსბანკის პრემია ეკონომიკის დარგში."

ეკონომიკაში პრემიის გაცემა არ მოიაზრებოდა ალფრედ ნობელის ანდერძით, თუმცა ჯილდო იმავე წესებით გაიცემა, როგორიც ზუსტ მეცნიერებებში და ლიტერატურაში. სტოკჰოლმში სხვა დარგის კომიტეტებთან ერთად ფუნქციონირებს ნობელის კომიტეტი ეკონომიკის დარგში.

სხვა დარგებისგან განსხვავებით, ეკონომიკის დარგში ნომინანტებს სპეციალისტთა შედარებით მცირე წრე ადგენს. კანდიდატების წარდგენის უფლება გააჩნიათ, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის აკადემიის წევრებს, ასევე პრემიის ძველ ლაურეატებს.

სხვა დისციპლინებში კანდიდატის წარდგენის უფლება მსოფლიოში მოქმედი ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორს გააჩნია. ეკონომიკაში ნობელის პრემია, თავისი არსებობის ისტორიაში, ქალს მხოლოდ ერთხელ გადაეცა.

გასულ წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ სპეციალისტს, აბჰედჯიდ ბანერჯის, ესტერ დიუფლოსა და მაიკლ კრემერს გადაეცა. მათ ჯილდო გლობალური სიღარიბის დაძლევის ახალი ექსპერიმენტული მეთოდის შემუშავებისთვის მიიღეს.

2018 წელს პრემია ორ ამერიკელ ეკონომისტს, უილიამ ნორდჰაუსს და პოლ რომერს გადაეცა. რომერმა და ნორდჰაუსმა შეიმუშავეს გლობალური ეკონომიკის მდგრადი ზრდის სამეცნიერო მოდელი და დაადგინეს, თუ რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს ეკონომიკის ზრდაზე. 

კომენტარები