დავითგარეჯის საქმე

კრიტიკის შემდეგ საპატრიარქო ილიჩოვა-მელაშვილის ბრალეულობაზე ტონს არბილებს

საქართველოს საპატრიარქო

 

ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკავებულთა ბრალეულობა მტკიცებითი ფორმით აღარ გვხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ "წინა კომისიის საქმიანობა იყო მოღალატეობრივი" - დღეს კათალიკოზის ადმინისტრაციის განცხადებაში ბრალეულობას წინ "თუ" წაუმძღვარეს.

"თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე", - წერია განცხადებაში - სადაც ასევე ნათქვამია, რომ ეკლესია არ იჭრება "სამართლებრივ სფეროში", რადგან "ეს მათი თემა არ არის.

საპატრიარქოს მტკიცებით, "დღეს, არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ".

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.

დღეს, არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლებში გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი 2014 წელს სამთავრობო დონეზე, მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც განიხილეს. გარდა ამისა, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა დაკავებულს ედავება, მას 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. სწორედ წელიწადნახევრის წინ დატოვა ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა. მისივე ცნობით, ილიჩოვამ პროკურატურას 4 სექტემბერს თავადვე უთხრა, რუკა სადაც ინახებოდა.

საყურადღებოა, რომ პროკურატურა, ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი ყურადღებას დავითგარეჯაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ საქმე სწორედ სამონასტრო კომპლექსის სავადო მონაკვეთებს ეხება, თუმცა, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის განმარტებით,დაკავებულებს ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი მშვენიერაძის თქმით, დავითგარეჯის მონაკვეთი არც ექსპერტთა ჯგუფის და არც სახელმწიფო კომისიის მიერ არ არის შეთანხმებული და, შესაბამისად, ბრალდებაში დავითგარეჯა ნახსენები არ არის.

კომენტარები