ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეტროს სადგურებთან პატრულ-ინსპექტორები პირბადის ტარებას გააკონტროლებენ

ტაბულა

მეტროს სადგურებთან პატრულ-ინსპექტორები პირბადეების გაკეთებასა და COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი [აღდგება 19 ოქტომბერს].

კომენტარები