კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11-დან 5 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, 3 – ბათუმში

CNN

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისზე მოდის, 3 კი – ბათუმზე.

"იმერეთში გახლავთ ორი გარდაცვლილი და ერთი გორში" - აღნიშნა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 – თბილისში.

"იმერეთში მოიმატა და 198 ახალი ინფიცირებულია, გუშინ იყო 104. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია" - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები