კორონავირუსი საქართველოში

თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენეთ

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი "მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის" გამოიყენონ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით ტრანსპორტში მგზავრებს საპატრულო პოლიციის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

"ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგანან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს მოქალაქეების კონტროლი, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადგომა ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“,- განაცხადა თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.  აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. 

ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, 19 ოქტომბერს უმაღლეს სასწავლებლებში არადისტანციური სწავლის დაწყება იგეგმება.

კომენტარები