არჩევნები 2020

ევროპული საქართველოს წევრ ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ 

გორისა და კასპის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს.

პარტიაში ამბობენ, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები იყვნენ. მათ ჯერ თარხნიშვილის და ევროპული საქართველოს საარჩევნო პლაკატებს ქართული ოცნების პლაკატები გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ლევან თარხნიშვილის თქმით, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა და იგი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს საქმე.

"პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხვდა 6-მდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა იგივე პრობლემა. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში, მთავრობას, რომ გამოიძიონ თავიდან ბოლომდე ეს საქმე, რადგან არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, ვინ არიან ეს აქტივისტები". – თქვა ლევან თარხნიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ კვირაში ევროპული საქართველოს წევრებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 12 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯარალში ევროპული საქართველოს წევრ ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს. მისი თქმით, თავდამსხმელები ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.

კომენტარები