არჩევნები 2020

რა წესების დაცვა მოუწევს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 31 ოქტომბერს - პროტოკოლი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც ინფიცირების შესაძლო რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

პროტოკოლის მიხედვით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს შესასვლელთან უნდა დახვდეს დეზობარიერი და ხელის სადენზიფექციო ხსნარი. თავად ამომრჩეველს კი სავალდებულოა ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნაც ორჯერ მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბანზე არ დაიშვება: 1. ნაკადის მომწესრიგებლისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობისა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს. 2. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების დროს.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საარჩევნო უბანზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალური საწერი კალამი გადაეცემა, რომელსაც არჩევანის გაკეთების შემდეგ კალმების სპეციალურ კონტეინერში დატოვებს.

პროტოკოლის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში დაშვებული არ იქნება შენობაში ყოფნის უფლების მქონე არც ერთი პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს 37 ან 37 გრადუსზე მეტი დაუფიქსირდება, ხუთ წუთში მისი ტემპერატურა კიდევ გადამოწმდება - იმავე მაჩვენებლის დაფიქსირების შემთვხვევაში პირი დატოვებს შენობას. აღშნული წესი ეხება ყველას, გარდა ამომრჩევლისა.

იცვლება ფარული კენჭისყრის კაბინებიც - მათ ფარდა აღარ ექნებათ, ხოლო შესასვლელი გაკეთდება კედლისკენ მიმართული მხრიდან, რათა არ დაირღვეს ფარულობის პრინციპი.

კენჭისყრის შენობებში დეზინფექცია ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროტოკოლი 18 სექტემბერს დაამტკიცა. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა წესებს შეიმუშავებენ ისინი Covid-19-ის მკურნალობის რეჟიმში ჩართული და კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის.

კომენტარები